მუზეუმი წყალტუბოში

წყალტუბოში მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 1943 წელს გაჩნდა, თუმცა მისი გახსნა მხოლოდ და მხოლოდ 50-იან წლებში იქნა შესაძლებელი წყალტუბოს რაიონის მკვიდრის პროფესორ ავთანდილ იოსელიანის ინიციატივით. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო აწ გარდაცვლილი გიგა ჯიმშელეიშვილი. მუზეუმი და მისი სამეცნიერო საბჭო შეუდგა მუშაობას, თუმცა ეს მაშინ უფრო იდეის დონეზე დარჩა. მუზეუმმა მისი რეალური სახე მიიღო 1969 წლიდან, როცა მუზეუმს სათავეში ჩაუდგა ქალბატონი ციალა ღვინიანიძე, რომელიც ამჟამად არის ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და პროექტ „იმედის გმირის“ ერთ-ერთი მონაწილე. 1981 წელს მუზეუმს მიენიჭა რაიონის მკვიდრის, გამოჩენილი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის სახელი.

დღეს მუზეუმის ფონდებში დავანებულია არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ხელოვნების, ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო და სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალების 35 ათასზე მეტი ექსპონატი.

არქეოლოგიური კოლექცია მოიცავს ქვედა პალეოლითიდან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდს. აქ დაცულია პირველყოფილი ადამიანის ქვის, ძვლის, ობსიდიანის, ბრინჯაოს და რკინის იარაღები, ქვევრსამარხის ნივთები.

ეთნოგრაფიულ ფონდში არის ლითონის, ხის, ტყავის, ფაიფურის, მინის ჭურჭლის კოლექციები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ჭედური ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. მუზეუმს აქვს ხელნაწერთა და ნუმიზმატიკის მდიდარი ფონდი, ბევრი გამოჩენილი ადამიანის ფოტო და პირადი არქივი.

მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მოითხოვს განახლებას. იმისათვის, რომ გააცოცხლოს წარსული მომავლისათვის, მუზეუმი ეწევა ფართო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კონფერენციებს, მოძრავ და ერთდოულ გამოფენებს, რაიონსა და მის ფარგლებს მიღმა. შეხვედრებს ღვაწლმოსილ ადამიანებთან, ატარებს საინტერესო ლექცია-დიალოგებს და სხვა.