კარტოდრომი

გართობა-დასვენების  მიზნით  წყალტუბოს  შეემატა  კიდევ  ერთი  ობიექტი   კარტინგის  მოყვარულთათვის, რომლის  მესაკუთრე    გახლავთ – მერაბ  არჯევანიძე.

კარტოდრომზე  დაცულია  უსაფრთხოების  ზომები.

მსურველები  დაიშვებიან  8 წლის  ასაკიდან.

მისამართი  : წყალტუბო – ქუთაისის გზატკეცილის  მე-5 კმ.

ცივი ტბა

ძველად პარკის ტერიტორიაზე მიედინებოდა მდინარე “წყალტუბო”, რომლის სათავეზე 1993 წელს შეიქმნა ე. წ. ჰიდროგეოლოგიური ნაგებობა -წყალსაცავი ხელოვნური ტბა.
ხელოვნურმა წყალსაცავმა სახელწოდება “ცივი ტბა” შეიძინა და დამსვენებელთა საყვარელ ადგილად იქცა.
დღესდღეობით ცივი ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტირებულია, აქ მოეწყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, 2 აუზით, ღია და დახურული კაფით. მალე, ისევე როგორც ადრე, ტბაზე შესაძლებელი იქნება ნავებით გასეირნება.

 

მუზეუმი წყალტუბოში

წყალტუბოში მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 1943 წელს გაჩნდა, თუმცა მისი გახსნა მხოლოდ და მხოლოდ 50-იან წლებში იქნა შესაძლებელი წყალტუბოს რაიონის მკვიდრის პროფესორ ავთანდილ იოსელიანის ინიციატივით. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო აწ გარდაცვლილი გიგა ჯიმშელეიშვილი. მუზეუმი და მისი სამეცნიერო საბჭო შეუდგა მუშაობას, თუმცა ეს მაშინ უფრო იდეის დონეზე დარჩა. მუზეუმმა მისი რეალური სახე მიიღო 1969 წლიდან, როცა მუზეუმს სათავეში ჩაუდგა ქალბატონი ციალა ღვინიანიძე, რომელიც ამჟამად არის ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და პროექტ „იმედის გმირის“ ერთ-ერთი მონაწილე. 1981 წელს მუზეუმს მიენიჭა რაიონის მკვიდრის, გამოჩენილი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის სახელი.

დღეს მუზეუმის ფონდებში დავანებულია არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ხელოვნების, ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო და სხვადასხვა ტიპის საარქივო მასალების 35 ათასზე მეტი ექსპონატი.

არქეოლოგიური კოლექცია მოიცავს ქვედა პალეოლითიდან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდს. აქ დაცულია პირველყოფილი ადამიანის ქვის, ძვლის, ობსიდიანის, ბრინჯაოს და რკინის იარაღები, ქვევრსამარხის ნივთები.

ეთნოგრაფიულ ფონდში არის ლითონის, ხის, ტყავის, ფაიფურის, მინის ჭურჭლის კოლექციები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ჭედური ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. მუზეუმს აქვს ხელნაწერთა და ნუმიზმატიკის მდიდარი ფონდი, ბევრი გამოჩენილი ადამიანის ფოტო და პირადი არქივი.

მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მოითხოვს განახლებას. იმისათვის, რომ გააცოცხლოს წარსული მომავლისათვის, მუზეუმი ეწევა ფართო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კონფერენციებს, მოძრავ და ერთდოულ გამოფენებს, რაიონსა და მის ფარგლებს მიღმა. შეხვედრებს ღვაწლმოსილ ადამიანებთან, ატარებს საინტერესო ლექცია-დიალოგებს და სხვა.

პრომეთეს მღვიმე

ყუმისთავის მღვიმე (ღლიანის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე) — კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა. ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ, ხოლო ტემპერატურა 15°C აღწევს (1959 წლის შეფასება). გვხვდება ვოკლუზური წყაროები, რომლებიც დაკავშირებული არიან მღვიმურ ნაკადთან. სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. გუანოში ჭიების სხვადასხვა სახეობებია. მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია. ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ.

აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.

ყუმისთავის მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა 1984 წლის 15 ივლისს. ყუმისთავის მღვიმის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ხელი უბიძგა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს, ხოლო 2011 წელს მღვიმე გაიხსნა მნახველებისთვის.

ყუმისთავის მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად

რესტორანი “სტალაქტიდა”

რესტორანი “სტალაქტიდა” მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორში, პრომეთეს მღვიმესთან.

რესტორნის ინტერიერი აკმაყოფილებს სხვადასხვა გემოვნების მქონე სტუმრების მოთხოვნილებებს:

სტალაქტიდას მთავარი დარბაზი თანამედროვე ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი; მცირე დარბაზი “მარანი” ტრადიციული ქართული მარნის ატრიბუტებით არის გაფორმებული; კუპე “მონადირე” შექმნილია ნადირობის მოყვარული სტუმრებისთვის, კუპე “სტალაქტიდა” წარმოადგენს მღვიმის იმიტაციას, რომელიც გაფორმებულია ძველებური ბუხრით და პირველყოფილი ადამიანის იარაღებით, კუპე “იმერეთი”-ს კედლები მოხატულია ძველი იმერეთის ამსახველი პეიზაჟებით. ზაფხულის თბილი საღამოების გატარება კი სტუმრებს რესტორნის ულამაზეს ეზოშიც შეუძლიათ.

რესტორანი სტალაქტიდა სტუმრებს სთავაზობს ტრადიციულ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, ასევე, უგემრიელეს საფირმო კერძებს სტალაქტიდას შეფ-მზარეულისგან.

რესტორნის მთავარ დარბაზში სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ქართული და უცხოური მუსიკის ცოცხალი შესრულებით.

 

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

Lake Side

ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ბარ-რესტორანი „lake side“, სადაც გაგიმასპინძლდებიან  ქართული კერძებით.