სამანქანო მარშრუტი წყალტუბოს ტერიტორიაზე

  • 1მარშრუტის სიგრძე 4 კმ
  • 2,ხანგრძლივობა 1საათი შესვენების გარეშე.

ქალაქის ტერიტორიაზე შესულები ვკითხულობთ ბანერს „წყალტუბო“ და გავდივართ მარჯანიშვილის მოედანზე. გეზს ვიღებთ პირდაპირი მიმართულებით (ჩრდილოეთის მიმართულებით) და შევდივართ ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც გაივლის ბენზინგასამართ სადგურს, ახალდასახლებას, სავაჭრო ობიექტებს. 500 მეტრში გზაჯვარედინზე მისულებს გვხვდება ბანერი, რომელიც აჩვენებს მიმართულებას პრომეთეს მღვიმისაკენ.

ვკვეთ გზაჯვარედინს და პირდაპირ წასულები ჩავუვლით სავაჭრო ობიექტებს, ფოსტას, სასტუმრო „chill out“-ს, საცხობს, სავაჭრო ობიექტებს სანამ გადავკვეთთ რკინიგზას ხელმარჯვნივ აღმოსავლეთით 50 მეტრში ჩანს ქალაქის საკრებულოს შენობა და მის უკან 100 მეტრში მირქმის სახელობის ეკლესია.

რკინიგზის გადაკვეთის შემდეგ 50 მეტრში ტაბიძის ქუჩა უერთდება რუსთაველის ქუჩას. ჩრდილოეთის მიმართულებით ჩანს პარკის შესასვლელი თავისი მშვენიერი წარწერით და ლაითბოქსით(წყალტუბოს გეგმით და რუკით), მარჯვნივ, აღმოსავლეთით იწყება რუსთაველის ქუჩა.

250 მეტრში ჩავუვლით რკინიგზის სადგურის ულამაზეს შენობას, სადაც იმყოფება ა(ა)იპ „კულტურისა და ტურიზმის განვიარების ცენტრი“, სადაც შესაძლებელია მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია წყალტუბოს შესახებ, ვაგრძელებთ გზას და წინ გვხვდება სამუსიკო სკოლა, ცეკვის სტუდია, სასულიერო გიმნაზია, სასამართლო, ადმინისტრაციული შენობები, პოლიცია.

პირდაპირ კი სჩანს სასტუმრო „spa resort“-ის შენობა თავისი ულამაზესი შესასვლელით და ეზოთი.

ჩრდილო დასავლეთით მივუყვებით გზას და 500-ოდე მეტრში რუსთაველის ქუჩას აღმოსავლეთის მხრიდან უერთდება ჭავჭავაძის ქუჩა, საიდანაც შეიძლება „სათაფლიის“ მიმართულებით წასვლა. ამ ადგილიდან ჩანს ძველი სანატორიუმის შენობები, ბანკის შენობა, სასტუმრო „პლაზა“და სასტუმრო „არგო“. სასტუმროებიდან  ჩრდილოეთის მიმართულებით 100მ არის გასასვლელი ცივ ტბაზე, სადაც შესაძლებელია მცირეოდენი შესვენების გაკეთება. აქედან შეგვიძლია დასავლეთით ავიღოთ გეზი „პრომეთეს მღვიმისკენ“ და აღმოსავლეთით „სათაფლიისკენ.“

თუ სასტუმროების წინ მდებარე მოედნიდან გზას პირდაპირ განვაგრძობთ 50-იოდე მეტრში მარჯვნივ მოჩანს სანატორიუმი „მეშახტეს“ დიდებული შენობა,(ამჟამად არ ფუნქციონირებს) პირდაპირ  „პრომეთესა“ და „ორიონის“ სასტუმროები. მარცხნივ კი არის სპორტის სასახლე და ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის შენობა. გზას ვაგრძელებთ და ხელმარჯვნივ ავალიანის ქუჩის აღმართით, გავივლით კერძო დასახლებას და მივადგებით შუქნიშანს, საიდანაც შესაძლებელია ბაზრის მოედანზე შესვლა პირდაპირი მიმართულებით. მოედანზე განლაგებულია სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, სამხატვრო სკოლა და საგამოფენო გალერეა, ტაქსების სადგომი, ბაზარი და მის უკან ავტოსადგური.

თუ შუქნიშანს მარჯვნივ, ჩრდილო-დასავლეთით ავუყვებით დავადგებით გზას „პრომეთეს“ მღვიმისკენ.

თუ შუქნიშანს ხელმარცხნივ, აღმოსავლეთით ჩავუყვებით, გავალთ წერეთლის ქუჩაზე და 200 მეტრში მივადგებით მოედანს, სადაც სჩანს საკონცერტო დარბაზი „ივერია“, სანატორიუმები, სასადილოები, კაფეები და პარკის ერთ-ერთი მთავარი შესასვლელი თავისი ლამაზი მიმდებარე ტერიტორიით. წერეთლის ქუჩა შეუერთდება კვლავ რუსთაველის ქუჩას და ხელმარჯვნივ, აღმოსავლეთით წასულები რუსთაველის ქუჩით გზას განვაგრძობთ.

მალე შემოგვხვდება სავაჭრო ობიექტი და ძველი სანატორიუმები, 500 მეტრის გავლის შემდეგ  გამოჩნდება №6 აბაზანის შესახვევი. ვაგრძელებთ გზას და 200 მეტრში ხელმარჯვნივ გამოჩნდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის უკან 200 მეტრში მდებარეობს გამოჩენილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი.

რუსთაველის ქუჩით კვლავ ვაგრძელებთ გზას და მალე გამოჩნდება პოპულარული სანატორიუმი „მეგობრობის“ რამოდენიმე ძველი კორპუსი, (სადაც ახლა ლტოლვილები ცხოვრობენ) 300 მეტრში მთავარ გზას უერთდება აგვისტოს ომის გმირის მამუკა სამაკაშვილის ქუჩა, (რომლითაც შეიძლება გაემგზავრო ხონის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და ოკაცეს კანიონისკენ) ვაგრძელებთ გზას პირდაპირ და 200 მეტრში რუსთაველის ქუჩას უერთდება თამარ მეფის ქუჩა (საიდანაც ჩანს ძველი სასტუმრო „ინტურისტის“ და სანატორიუმ „საქართველოს“ შენობები) ,ხოლო ხელმარცხნივ რუსთაველის ქუჩა მიგვიყვანს მდინარე წყალტუბოს ხიდთან და პარკის ძირითად შესასვლელთან. ამით ქალაქის ირგვლივ ტური ფაქტიურად ამოწურულად შეიძლება ჩაითვალოს.