ქალაქ წყალტუბოს 2 დღიანი ტურისტული მარშრუტი

  • 1.ორდღიანი ტურის გასავლელი მანძილი: 110 კმ
  • 2.სატრანსპორტო საშუალება: ყველა ტიპი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის მარჯვენა ფერდობზე, წყალტუბოს ტალღობრივ ვაკეზე, ქალაქ ქუთაისიდან 9 კმ-ით დაშორებული. წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. კურორტის ტერიტორიაზე არის უნიკალური კარსტული მღვიმეები, რომლებიც გამოყენებულია ტურისტული და სამკურნალო  მიზნით. ქალაქს ასევე გააჩნია მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.

პირველი დღე: იწყება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრიდან, რომელიც მდებარეობს რუსთაველის ქუჩაზე და გრძელდება რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რომელსაც გავყავართ სოფელ გუმბრინის სამანქანო, გზაზე სოფელ ბანოჯისაკენ, სადაც არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის მღვიმე (წყალტუბოდან 7კმ), ვიზიტორებს შეუძლიათ აქ ნახონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები. სათაფლიის დათვალიერების შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ იგივე მიმართულებით დაბრუნდნენ ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც შეუძლიათ ნახონ ქალაქის პარკი, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია კურორტის მთავარი სავიზიტო ბარათი, მინერალური წყლის აბაზანები. მათ გააჩნიათ უნიკალური სამკურნალო თვისებები. №6 აბაზანაში მკურნალობდა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. პარკის ტერიტორიიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 500 მეტრის მანძილზე მდებარეობს უნიკალური „ცივი ტბა“. ათეულობით წლების წინ ამ ადგილს „ პლატინას “ ეძახდნენ. ცივი ტბიდან დასავლეთით მივდივართ ზღაპრული შეგრძნებებით აღსავსე „პრომეთეს მღვიმისკენ“. იგი მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, წყალტუბოდან 6კმ-ში. მღვიმეში საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, მიწისქვეშა ტბებით და ა შ. მღვიმეში სეირნობა შეგვიძლია როგორც ფეხით ასევე ნავით.

„პრომეთედან“ „სათაფლიისკენ“ მიმავალ გზაზე 3 კმ-ში შეიძლება შევიაროთ ნიკო ლორთქიფანიძის სახლმუზეუმში. გზაზე არის უამრავი ლამაზი საპიკნიკე ადგილი.

იგივე მიმართულებით ვბრუნდებით ქალაქში და დავბინავდებით სასტუმროში. ვემზადებით მეორე დღისათვის.

მეორე დღე: საუზმის შემდეგ მივდივართ გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც დაცულია უძველესი საბრძოლო იარაღები, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთები, „თეთრ მღვიმეში“ აღმოჩენილი დათვის თავის ქალა და უამრავი სამუზეუმო ექსპონანტი.

მუზეუმიდან  200 მეტრში ავდივართ ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც შეგვიძლია ვნახოთ ცნობილი მწერლის პირადი ნივთები, კარ-მიდამო და მისი საფლავი. სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ტური გრძელდება წყალტუბოდან დასავლეთით ხონის მიმართულებით სოფელ გორდში „ოკაცეს კანიონისკენ“ წყალტუბოდან 40 კმ-ში. უკან ვბრუნდებით იგივე გზით.