ბათუმი

ბათუმი მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში (9,5 მილი). ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ბაღები და ქუჩები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგორებიცაა: პალმები, ბამბუკები, ევკალიპტები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შ.
ქალაქის ჩრდილოეთით არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბრტოპიკული და ტროპიკული მცენარეებით. ბათუმი ჩაისა და ციტრუსის მოყვანის ცენტრია. ზაფხული თბილია და სასიამოვნო. ის მშვენიერი ადგილია დასასვენებლად.
 

 

აჭარა – დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და  ულამაზესი კუთხე, მისი უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო. აჭარის მთავარი ქალაქი და დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია ქ.ბათუმი. რომელიც ასევე არის შავი ზღვის  საპორტო ქალაქი. აჭარა წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საქართველოს სამხრეთ კარიბჭეს, აჭარიდან შემოდიოდნენ საქართველოში მტერი თუ მოყვარე, კეთილის მსურველნი თუ ავის ქმნელნი ჩვენი ქვეყნისა. აჭარიდან შემოვიდა საქართველოში I საუკუნეში, განმანათლებელი საქართველოსი, მაცხოვრის წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

აჭარაშია, სოფელ გონიოში მაცხოვრის  მეორე მოციქულის მატათა მოციქულის საფლავი. ყველა უძველესი ისტორიული წყაროებიდან აჭარა ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, მაგრამ XVI საუკუნის მეორე  ნახევრის შუა პერიოდიდან  დაპყრობილი იქნა ოსმალეთის მიერ. სამი საუკუნის განმავლობაში აჭარა იყო ოსმალეთის შემადგენლობაში, რამაც გამოიწვია აჭარლების აბსოლუტური უმრავლესობის მაჰმადიან სარწმუნოებაზე მოქცევა.

მხოლოდ 1878 წელს რუსთ-თურქეთის ომის შემდეგ დაუბრუნდა მთლიანი აჭარა დედა სამშობლოს, თუმცა 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ მოექცა თურქეთის იურისდიქციის ქვეშ. იქ მაცხოვრებელ  აჭარელ მოსახლეობას თითქმის 450 წლის შემდეგაც კარგად ახსოვს შობლიური ენა და ქართული წეს-ჩვეულებები. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი აჭარელი მაჰმადიანური სარწმუნოებიდან დაუბრუნდა თავის ძირძველ სარწმუნოებას  – მოინათლა  მართლმადიდებელ  ქრისტიანად.

1921 წლიდან საბჭოთა წყობილების დროს შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარა იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო აჭარად. ზემო აჭარა ანუ მთიანი აჭარა – ძირითადად ხულოს რაიონი, გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, ქვემო აჭარა კი ულამაზესი სანაპირო ზოლით – გონიო, სარფი. აქ ზღვა იმდენად სუფთაა რომ როგორც ტურისტებისთვის ასე ნებისმიერი მსურველისათვის  შესაძლებელია წყალქვეშა  დაივინგი.

დედაქალაქი და საპორტო ქალაქი ბათუმი, ფოთის პორტთან ერთად წარმოადგენს არა მარტო სახრეთ კავკასიის საზღვაო კარიბჭეს, არამედ დიდი აბრეშუმის გზის ქვეყნების ტვირთების ევროპაში გადაზიდვის ძირითად საშუალებას.