წყალტუბო ალმა-ათის საგაზაფხულო ტურისტულ ბაზრობაზე

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში 20-22 აპრილს გაიმართა ევროპისა და აზიის ქვეყნების ტურისტული ფირმების, სააგენტობის და კომპანიების ტურისტული პროდუქციის საგაზაფხულო ბაზრობა. საქართველოს დელეგაციაში იმერეთის რეგიონიდან ქუთაისის, ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტურისტული სამსახურების წარმომადგენლები გახლდით. წყალტუბოს და ბაღდათს სარეკლამო ადგილი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის სტენდზე დაგვითმეს.
ჩვენი მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში წყალტუბოს მუნიცპალიტეტის გამგებლის უშუალო ხელშეწყობითა და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“-ს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. ბაზრობაზე წარვადგინეთ საინტერესო სარეკლამო მასალები წყალტუბოში არსებული ტურისტული პოტენციალის გამოსავლენად. ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწიეს სასტუმროების, საოჯახო ჰოტელების, აბაზანების, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეების ადმინსტაციებმა. საამაყო იყო ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი მასალებით წყალტუბო აღმოჩნდა მსოფლიო ბრენდების გვერდით.
მიზანი იყო გვეჩვენებინა ჩვენი კურორტის მიმზიდველობისა და რეალობის ნათელი სურათი. დაგვერწმუნებინა მნახველები, რომ კურორტი წყალტუბო ნამდვილად გამოირჩევა სილამაზით და უნიკალურობით და სრულიად განახლებული და გალამაზებული ელოდება ვიზიტორებს. თავისი განუმეორებელი პოტენციალის მქონე მინერალური წყლებით, კარსტული მღვიმეებით და სხვა ღირშესანიშნაობებით.
დაუვიწყარი იყო ბაზრობის დღეები. ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ღირსეულად იდგნენ ერთმანეთის გვერდით. ლამაზად მოწყობილი დარბაზები, ყველა ქვეყნისათვის მინიჭებული სპეციალური ადგილები, ფერთა სილამაზე, წყანარი მრავალფეროვანი მუსიკის ჰანგები (მათ, შორის ქართული სიმღერებიც) მოასწავებდნენ დღეების წარმატებულობას. თითქოს, ერთმანეთის კონკურენცია იყო მონაწილეთა მთავარი მიზანი, მაგრამ სინამდვილეში ნათლად ჩანდა,თუ როგორ ახლოს ვიდექით ერთმანეთთან, რაოდენ მცირე ზღვარი იყო ჩვენს შორის, თუკი შევძლებდით გვესაუბრა ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე მეგობრობის და სიყვარულის ენაზე.
მრავალი მეგობარი შევიძინეთ გამოფენის დღეებში და იმედია ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.
ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ ჩემო მეგობრებო, საჭიროა ჩვენი ეროვნული განძის მეტი ინფორმაციულობა, მეტი რეკლამირება და წყალტუბო, ისევე როგორც მთელი საქართვლო გახდება მსოფლიოს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი.
მჯერა მალე მოგვადგება ტურისტული შთაბეჭდილებების შეძენის მსურველთა ულევი ნაკადი, ჩვენ კი ჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობით, ქართული ტრადიციების მრავალფეროვნებით, მსოფლიოს ტურისტული პოტენციალით აღჭურვილები ღირსეულად დავხვდებით მათ. ეს დღე დამდგარია!

Connect with Me: